ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.
"მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად, მათ უცნაური "მიმართვა" გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ "ძალა არ შესწევთ", "ღვთისგან" მათზე "დაკისრებული სადიაკვნე მსახურების" ჭყონდიდის მიტროპოლიტის "გვერდით აღსრულებისა". ამ "მიმართვის" მიღების შემდეგ, ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი, ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა, მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულებელჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ეპარქიაში აცხადებენ, რომ "მღვდელმსახურებაში მათი აღდგენის საკითხი განიხილება მხოლოდ მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში".
"ბოლო გაფრთხილება ეძლევა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით, გამოცხადდა მსახურებაზე. მოვუწოდებ მას, დაემორჩილოს მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მასაც ავუკრძალოთ მსახურება.
მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებაში.